დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე - წითელი პარასკევია. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს, ტაძრებში კი გარდამოხსნის წესი სრულდება.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციულ წესს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
გარდამოხსნის ტრადიციული წესის აღსრულებას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არ ესწრება.
დიდ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.
დღევანდელ დღეს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასკასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. სახარების თანახმად, უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.
გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნას მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე - „საფლავზე“ დაასვენებენ. იგი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
ასევე, მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.