რეფერენტული ფასების შემოღება ქვეყანაში, მომავალი წლის იანვრიდან, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე იგეგმება, წლის ბოლომდე კი მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე უნდა გავრცელდეს. წამლის ფასები სხვადასხვა ქვეყნის ფასების მიხედვით დაანგარიშდება.
„რეფერენტული ფასების დაწესების პროცესს ყველა მიესალმება. მთავარი კითხვაა, რამდენად სწორად დავიწყებთ საპილოტე ნაწილს, რომელიც არის ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების ნაწილი, და რამდენად გავითვალისწინებთ საპილოტე პროცესში წარმოშობილ პრობლემებს,“ განაცხადა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, მოსახლეობას უდიდესი ზარალი მიადგება, თუკი თუნდაც რამდენიმე პრეპარატზე თუნდაც დროებით შეიქმნება დეფიციტი.
ჯანდაცვის საკითხების ექსპერტის თენგიზ ვერულავას აზრითაც, ერთ-ერთი მთავარი რისკი მედიკამენტების დეფიციტია. მისი თქმით, გასათვალისწინებელია ინფლაციის ფაქტორი, ამიტომ მთავრობა უნდა იყოს მოქნილი და საჭიროების შემთხვევაში, ფასები წელიწადში თუნდაც 2-3-ჯერაც უნდა გადაიხედოს.
ექსპერტ აკაკი ზოიძის თქმით, რაც მეტ მედიკამენტზე დაწესდება ფასების ზედა ზღვარი, მით მეტია რისკი, რომ ამ წამლებს აღარ შემოიტანენ და დიდი ფარმაცევტული კომპანიებისთვის საქართველოს ბაზარი საინტერესო არ იქნება.
„ყველა სოციალურად დაუცველს სიმბოლურ ფასად უნდა მივცეთ მედიკამენტი, დანარჩენებისთვის კი რეფერენტული ფასები ძალიან დიდი შეღავათი იქნება,“ განმარტა აკაკი ზოიძემ.
მისივე ვარაუდით, რეფერენტული ფასების დაწესების შედეგად წამლების ღირებულება დაახლოებით 30-40 პროცენტით შემცირდება, თუმცა არა ყველა სეგმენტში.
ირაკლი მარგველაშვილის ინფორმაციით, პირველი იანვრიდან ფასები განისაზღვრება და კომპანიებს მიეცემათ ერთთვიანი პერიოდი, რომ ეს ტარიფები მოქმედებაში მოიყვანონ. შესაბამისად, მისი თქმით, რეფორმის შედეგები – როგორც ფასების ისე რისკების კუთხით 2023 წლის პირველ კვარტალში დადგება.