2022 წლის პირველი ნახევარი წაგებით ქართული საბანკო სექტორის სამმა წარმომადგენელმა „ვითიბი ბანკმა“, „სილქ როუდ ბანკმა“ და „პაშა ბანკმა“ დაასრულეს. 2022 წლის 6 თვეში ბანკებმა ჯამში 838 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, ხოლო საბანკო სექტორის აქტივების ზომა 64.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
სექტორის წარმომადგენელთა უმეტესობამ მეორე კვარტალში მოგებაზე გასვლა შეძლო, ყველაზე დიდი, 91,507,663 ლარის ზარალი კი „ვითიბის“ აქვს, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მოგება 19,366,015 ლარი იყო. ზარალიანი ბანკების რეიტინგში მეორე ადგილას „პაშა ბანკია“ 3,303,390 ლარის ზარალით, რომელსაც არც გასულ წელს ჰქონია მოგება (2021 წლის 6 თვეში ბანკის ზარალი 1,426,094 ლარი იყო). მესამე ადგილას „სილქ როუდ ბანკია“ 1,897,946 ლარის ზარალით, ხოლო გასული წლის პირველ კვარტალში ბანკი მცირე მოგებაზე იყო, რომელმაც 226,620 ლარი შეადგინა.
„ვითიბი ბანკის“ ზარალის მიზეზი რამდენიმე თვის წინ „ვითიბი ბანკი საქართველოს“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვედრა იყო, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქცირებულმა „ვითიბი ბანკმა“ საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა. გარიგების შედეგად, საცალო პორტფელი „ბაზის ბანკმა“, მცირე და საშუალო ბიზნესის კი „ლიბერთიმ“ გადაიბარა.
„პაშა ბანკი“ ზარალზე წინა წლებშიც გადიოდა. პამდემიის დროს სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის ერონულმა ბანკმა საბანკო სექტორს სარეზერვო ბუფერი დააკისრა, სწორედ ამიტომ 2020-ის გაზაფხულზე „პაშა ბანკმა“ 317 მლნ ლარის პორტფელზე 20 მლნ-მდე რეზერვი შექმნა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბანკი კაპიტალის გაზრდას გეგმავს.
„სილქ როუდ ბანკი“ კი ერთადერთი იყო, რომელმაც პანდემიური წლის მეორე კვარტალი მოგებით დაასრულა, მისი წმინდა მოგება 2020 წლის 6 თვეში 253,512 ლარი იყო, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 358,804 ლარის ზარალზე გავიდა. ერთი თვის წინ ბანკმა სახელი შეიცვალა და „სილქ ბანკი“ გახდა, სახელწოდების ცვლილების გარდა ის წელს სხვა სიახლეებსაც გეგმავს.