ქართული ყველის პოპულარიზაციის მიზნით, ქვეყანაში ახალი პროექტი „ყველის გზა“ დაიწყო. პროექტს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, ამერიკულ კომპანია „ლენდოლეიკთან“ თანამშრომლობით, საქართველოს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს.
რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში რძის პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კონიაშვილმა პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც პირველ ეტაპზე საქართველოში არსებული ყველის მწარმოებლების აღწერას დაიწყებს, შეიქმნება ყველის რუკა, ვებგვერდი და აპლიკაცია, რაც ქართულის ყველის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„საწყის ეტაპზე პროექტი იქნება 8 თვიანი. ამ 8 თვეში უნდა მოვახდინოთ ყველის 120 მწარმოებლის აღწერა, აქედან გამოიკვეთება მინიმუმ 30 მეწარმე, რომელიც ყველის გზის ფორმატში ჩაჯდება. ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იქნება მათი წარმოება სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით გამართული და რამდენად ექნებათ მათ ტურისტული ჯგუფების მიღების და სერვისების შეთავაზების პოტენციალი.
ამას გარდა, შედგება ყველის რუკა, შეიქმნება ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია და ამ ყველაფრით „ყველის გზა“ გვინდა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ.
მეორე ეტაპზე პროექტში ჩართული კომპანიების რიცხვი უნდა გავზარდოთ და ხელი შევუწყოთ მათ მომძლავრებას. გვინდა საკვირაო ბაზრობები მოვაწყოთ, სადაც ფერმერები შაბათ-კვირას თავიანთ ყველს გაყიდიან და, ღვინის სააგენტოს მსგავსად, ყველის სააგენტო შევქმნათ. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ქართული ყველის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა კახა კონიაშვილმა.