შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაჰესის ტრანსფორმატორებზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო 6 ტრანსფორმატორზე და არსებობდა მისი კიდევ უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება სწრაფად მოხერხდა“, – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია უკვე სრულად ექვემდებარება კონტროლს. ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის ნიშნები აღარ შეინიშნება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის ქრობაში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 20 ჯგუფი.