მესტიაში ელექტროენერგიის პრობლემა კვლავ დგას, როგორც „კომერსანტს“ სასტუმრო „პანორამა მესტიის“ მეპატრონემ ლაშა ფალიანმა უთხრა, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის და მცირე თოვლის გამო სტუმრებმა მისი სასტუმრო დატოვეს.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, თოვლი არასაკმარისია, ელექტროენერგია ხშირად ითიშება, აქ მოსახლეობას გათბობა დენზე აქვს, გაზი ჩვენთან არ არის, სისტემა ამხელა მოხმარებას არ ყოფნის, დღე არ აგავა, რომ დენი არ გაითიშოს, იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც მოგვარდება, 2-3 თვეში ამ პრობლემის გადაჭრას არავინ ელოდება.
სტუმრები მყავდა, მაგრამ დენი რომ გაითიშა გუდაურში წავიდნენ, უცხოელი ტურისტებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ ვინ გაჩერდება ამ სიცივეში, როდესაც ფულს იხდის ადამიანი. მარტო ტურისტებზეც არ არის, ოჯახები გვყავს, ბავშვები გვყავს სახლში და გათბობის გარეშე ძალიან რთულია“, - აღნიშნა ლაშა ფალიანმა.
მესტიაში სეზონი 25 დეკემბრიდან იწყება, თუმცა თოვლის სიმცირის გამო სეზონი ჯერაც არ გახსნილა.
თაკო კვაჭანტირაძე