„ზარალი, რომელსაც „gino paradise“ პირველ ივნისამდე, მრავალფუნქციური კომპლექსი დახურვით მიიღებს დაახლოებით 2,5 მლნ ლარს შეადგენს“, - ამის შესახებ კომერსანტს gino ჰოლდინგის მფლობელმა და მმართველმა ნოდარ გიორგაძემ განუცხადა. 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მრავალფუნქციური კომპლექსი სტუმრებს ვეღარ იღებს. ოთხი სეზონის კურორტის 250-ზე მეტი თანამშრომელი ახლა აკვაპარკის გახსნის მოლოდინშია. ნოდარ გიორგაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვამ კომპანია რთულ სიტუაციაში, შემოსვლის გარეშე დატოვა.
„რაც მსოფლიოში ხდება უზარმაზარი ტრაგედიაა არა რომელიმე ქვეყნის, არამედ მსოფლიოსი და ამას განვიცდით ყველა. რეალურად პროცესები უკვე აისახა თითოეული ადამიანის ფინანსურ მდგომარეობაზე. საქართველოში „gino paradise“-ში დასაქმებულია 250 ადამიანია, ირიბად ჩვენ გვყავს დამატებით 200 ადამიანამდე დასაქმებული. საქმიანობაზე კორონავირუსმა რა თქმა უნდა გარკვეული ზეგავლენა იქონია, მაგრამ შევეცადეთ არც ერთი ადამიანი არ გაგვეშვა სახლში, ყველა დარჩა კომპანიაში და ღებულობს განახევრებულ ანაზღაურებას. ეკონომიკურად და ფინანსურად ძალიან ძნელია ამდენი ადამიანი იყოლიო, პლუს ამ საწარმოებს ყველას თავისი ხარჯი აქვს ენერგიის კუთხით, წყალი, გაზი, ელექტროენერგია, მოვლა პატრონობა, დაცვა და ა.შ. ეს ყველაფერი ერთმანეთს, რომ ემატება და შემოსავალი არსაიდან არ არის რა თქმა უნდა ძნელია“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.
ქართულ-სლოვაკური კომპანიის „ჯინო ჰოლდინგის“ ინვესტორი აცხადებს, რომ ოპტიმისტია. ბიზნესმენს სჯერა, რომ მდგომარეობა უახლოეს პერიოდში გამოსწორდება და ეკონომიკა აღდგენას თანდათან დაიწყებს, თუმცა ეჭვობს, რომ ეს წელს მოხდება. ნოდარ გიორგაძეს აქვს მოლოდინი, რომ 2020 წლის ზაფხულის სეზონი „gino paradise“-ში არ ჩავარდება.
„ყოველთვის ვიყავი და ვარ ოპტიმისტი, მაგრამ ბოლო პერიოდში პრობლემები შემექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ მეტი ინფორმაცია მაქვს და ინფორმირებული ოპტიმისტი რთულად უყურებს საკითხებს. თუ მოგვცემენ მუშაობის საშუალებას და საზოგადოება დამშვიდდება, მჯერა, რომ სეზონი არ ჩავარდება. ჩემს თანამშრომლებს ყველას ვეუბნები, რომ პირველი ივნისიდან აუცილებლად გავლენ სამსახურში, მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ნუ ჩავარდებიან პანიკაში. რა თქმა უნდა კოვიდ-19 მძიმე ვირუსია, მარტივად მას თავს ვერ დავაღწევთ, გარკვეული პერიოდულობით ისევ გამოჩნდება კიდევ , მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, სხვანაირად ვერ ვიარსებებთ, შევძლებთ მთელი ცხოვრება მეტროსა და ავტობუსში 2 მეტრის დისტანციით იყოს ხალხი? ყველას ვეუბნები სიფრთხილე გამოიჩინოს, მანამ ვაქცინა არ შეიქმნება, მაგრამ შიშით ნუ იცხოვრებენ, ყველაფერი დალაგება, მთავრია ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ ნდობა და სიყვარული არ დაკარგონ“, - აცხადებს ნოდარ გიორგაძე.
შეგახსენებთ, რომ „ჯინო ფერედაისის“ აკვაპარკი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ, ხოლო ამიერკავკასიაში – ერთადერთ, მასშტაბურ წყლის ცენტრს უამრავი ატრაქციონით, 31 მეტრიანი ტობოგანით და დახურული და ღია აუზებით.
ბაჩო ადამია