ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, შპს ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია’’ 2021 წელს, პანდემიურ 2020–თან შედარებით, მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიღებულ თანხას 44.7%-ით ზრდის და 283.7 მლნ ლარს აფიქსირებს.
ამავე პერიოდში კომპანიას 48.5%-ით 215.7 მლნ ლარამდე გაეზარდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულების (რ.ს.თ) ხარჯი.
საანგარიშო პერიოდში კომპანიას 59.8%-ით 19 მლნ ლარამდე გაეზარდა დისტრიბუციის ხარჯები, ხოლო 8.6%-ით 19.1 მლნ ლარამდე შეუმცირდა საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები.
კომპანიამ 2020 წელს 9.6 მლნ ლარის ზარალის შემდეგ, 2021 წელს 31.8 მლნ ლარის მოგება დააფიქსირა.
საანგარიშო პერიოდის ბოლოს კომპანიამ 322.8 მლნ-ს აქტივები (+2.2% Y.Y), ხოლო 167.1 მლნ ლარის კაპიტალი (+22.3% Y.Y) დააფიქსირა.
კოკა-კოლა საქართველოში 1996 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 87.47%-ის მფლობელია თემურ ჭყონია. 8.04%-ს კი ფლობენ კომპანიის თანამშრომლები და სხვა პირები (სულ 16 აქციონერი).
კომპანია საწარმოში და შვილობილ კომპანიებში ასაქმებს ჯამში 313 ადამიანს.
კომპანიის აქტიური შვილობილი კომპანიები არიან:
შპს მერკური 99 - ძირითადი საქმიანობა: სასაწყობო მეურნეობა ქალაქ თბილისში. აქვს ცივი და მშრალი საწყობები, შემოსავლის წყაროა - გაქირავებული ფართების იჯარიდან მიღებული თანხები;
შპს ქობულეთი XXI - საინვესტიციო ქონება, სასტუმრო ვილა;
შპს ქინგს ინნ - საინვესტიციო ქონება, სასტუმრო ძველ თბილისში;
წყარო: gbc.ge/