რუსეთის დუმის დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზატულინი მოლდოვის ხელისუფლებას აფრთხილებს, არ შეეცადოს უკრაინაში შექმნილი სიტუაციით სარგებლობას და სეპარატისტული დნესტრისპირეთის ძალით დაბრუნებას.
მან ეროვნულ საინფორმაციო სამსახურთან ინტერვიუში მოლდოვას გაახსენა, რომ „რუსეთი ახლა ძალიან ახლოს არის დნესტრისპირეთთან და მათი მხრიდან ავანტიურამ შეიძლება ყველაზე სამწუხარო შედეგები გამოიწვიოს“, - იუწყება infotag.md
მისი თქმით, მოლდოვის რესპუბლიკა „დაუყოვნებლივ პასუხს მიიღებს რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან - პრობლემის მოსაგვარებლად, დნესტრისპირეთში უბრალოდ უკრაინის მხრიდან შევლენ და ამით ყველაფერი დასრულდება“.
„შეუძლებელია სრულად გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რომ კიშინევი შეეცდება დნესტრისპირეთი დაიბრუნოს, მაგრამ ამის წინააღმდეგ მეტყველებს კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი თანაარსებობის ხანგრძლივი ისტორია. ეს მშვიდობიანი თანაარსებობა დიდწილად უზრუნველყოფილია რუსი სამშვიდობოების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჯგუფის მიერ“, - თქვა ზატულინმა.
ის დარწმუნებულია, რომ ამ დროისთვის რუსეთი დნესტრისპირეთში სამშვიდობო დანაყოფის გაძლიერებას არ გეგმავს.
წყარო: point.md