უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ამაზრზენია“ რომ ევროპის მნიშვნელოვანი ქვეყნების ყოფილი ლიდერები „რუსეთისთვის მუშაობენ.“ ზელენსკის ნათქვამი მოჰყვა გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის განცხადებას, რომ რუსეთს სურდა ომი მოლაპარაკებების გზით მოეგვარებინა.
რუსეთი ამჟამად ააქტიურებს „სხვადასხვა ემისარს“, რომლებიც ცდილობენ წარმოადგინონ „თეზისი იმის შესახებ, რომ თითქოს ტერორისტულ სახელმწიფოს სურს მოლაპარაკება“, თქვა ზელენსკიმ 3 აგვისტოს გვიან ღამით გავრცელებულ მიმართვაში.
შრიოდერმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მეგობრად მიიჩნევა, თქვა, რომ იგი შეხვდა კრემლის ლიდერს გასულ კვირას მოსკოვში. „უბრალოდ ამაზრზენია, როდესაც ევროპული ღირებულებების მქონე დიდი სახელმწიფოების ყოფილი ლიდერები მუშაობენ რუსეთისთვის, რომელიც ამ ღირებულებების წინააღმდეგ იბრძვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. ”თუ რუსეთს ნამდვილად სურდა ომის დასრულება, ის ახლა არ [გაგზავნიდა] ძალებს უკრაინის სამხრეთში და უდანაშაულო ადამიანების საფლავებს არ გაამრავლებდა უკრაინის ტერიტორიაზე,” - თქვა მან.
მანამდე შრიოდერმა შეშფოთება გამოხატა უკრაინაში მოსკოვის შეჭრით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის გამო და კრემლის ხელმძღვანელს სთხოვა აეხსნა, როგორ უყურებს სიტუაციას და შეიძლება თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაზსადენის ამოქმედება.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა, Twitter-ზე დაწერა, რომ თუ მოსკოვს დიალოგი უნდა, მაშინ ახლა ბურთი მის მოედანზეა.
უკრაინის პრეზიდენტს სურს, რომ შეიცვალოს უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურა. მისი თქმით, ის უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ მიმართოს ტერორს სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთი ტერორიზმისთვის ხელის შემწყობთა შორის „ნომერი პირველია,“ თქვა ზელენსკიმ 3 აგვისტოს გვიან საღამოს ვიდეომიმართვაში.