უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის დაგმობასა და ტოპონიმების კოლონიური გავლენისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად.
ახალი კანონის თანახმად უკრაინაში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოების გავრცელება იკრძალება, რაც გულისხმობს იმ პირებისათვის ძეგლების მიძღვნას, ვინც მაღალი რანგის თანამდებობას იკავებდა რუსეთის მთავრობაში, პარტიასა თუ სამხედრო ძალებში. აგრეთვე იმ ადამიანების მონუმენტებით განდიდებას, ვინც საჯაროდ მხარს უჭერდა და ამართლებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას.
კანონის თანახმად შეწყდება გეოგრაფიულ ადგილებთან მიმართებაში რუსეთთან დაკავშირებული ტოპონიმების გამოყენებაც. ახალი კანონის აღსრულების მიზნით არსებულ ქუჩებს, სკვერებსა და პარკებს იმ შემთხვევაში, თუ მათი სახელწოდება უკავშირდება რუსულ სიმბოლიკას, ახალი სახელებით ჩაანაცვლებენ.
რუსული სიმბოლიკის ნაწილია რუსული დროშა და ჰიმნიც. მათი უკრაინის მასშტაბით წარმოება და გავრცელება აგრეთვე აიკრძალება.