უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის და ომის შემდგომი აღდგენის საკითხები განიხილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის(სსფ) ხელმძღვანელ კრისტალინა გეორგიევასთან.
პრეზიდენტი ზელენსკი ტვიტერზე წერს, რომ აქვთ მკაფიო მიმდინარე გეგმები და პერსპექტივის ხედვა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, პარტნიორების მხრიდან უკრაინის მუდმივი ეკონომიკური მხარდაჭერა აუცილებელია, რათა საფუძველი ჩაეყაროს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი უკრაინის აღდგენას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას გადაუდებელი დახმარების სახით, მარტში გამოუყო 1.4 მილიარდი აშშ დოლარი.
უკრაინის მთავრობა სავალუტო ფონდს და "დიდი შვიდეულის" სახელმწიფოებს სთხოვს 50 მილიარდ დოლარს, ომით გამოწვეული საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარად. უახლოეს დღეებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა შეხვედრაში.
წყარო: www.radiotavisupleba.ge