უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ილაპარაკა მოქალაქეების მიერ საბანკო დეპოზიტებზე განთავსებული თანხის შესანარჩუნებლად გასატარებელ ზომებზე.
ზელენსკიმ განსაკუთრებული დავალება მისცა ეროვნულ ბანკს, დეპუტატებს და მაღალი თანამდებობის პირებს: მოძებნონ ისეთი საკანონმდებლო შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ უკრაინულ ბანკებს გარანტია მისცეს იქ განთავსებული დეპოზიტების 100%-ზე.
„არა ისე, როგორც ახლა არის - ნაწილობრივ, არამედ სრულად, ჩვენი ქვეყნის ყველა ბანკში. ხალხმა, რომ არ დაკარგოს ფული და ამის არ ეშინოდეს არცერთ გარემოებაში. ამიტომ, ველოდებით კონკრეტიკას, პროექტებს, გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის უმაღლესი რადა არ დააყოვნებს ამ ინიციატივის მხარდაჭერას.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.
radiotavisupleba.ge