„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ზეთის ფასი საკმაოდ შემცირდა, არის წინაპირობა, რომ უფრო გაიაფდეს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ფასის შემცირებას მათ შორის განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ზეთზე მცურავი ბაჟი შესაძლოა განულდეს.
„ზეთი საკმაოდ გაიაფდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ დიდი მოსავალია, მათ შორის, რუსეთში. მცურავი ბაჟი იყო შემოღებული, როგორც ხორბალსა და სხვა კულტურებზე, ახლა კი მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა, მცურავი ბაჟი ზეთზე გაანულონ. შედეგად, კიდევ უფრო აქტიურად გაიაფდება ზეთი, ამის წინაპირობები არის“,- აღნიშნავს სილაგავა.
როგორც ცნობილია, ოქტომბრიდან რუსეთი ზეთის ექსპორტზე გადასახადს ანულებს.
საქართველოსთვის ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში ამჟამად ზეთზე საბაჟო გადასახადი ტონაზე 8 621,3 რუბლს (148 დოლარს), შროტზე კი 1 578,5 რუბლს (27 დოლარს) შეადგენს. ოქტომბრიდან კი საბაჟო გადასახადი საექსპორტო ზეთზე განულდება.
ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია ,,ალფას დირექტორი ირაკლი ციხისთავი ,,ბიზნესპრესნიუსთან აცხადებს, რომ ეს ფასის 10-15%-ით შემცირებას გამოიწვევს.
„რუსეთის მხრიდან უკვე დაანონსდა, რომ ოქტომბრიდან ზეთზე საბაჟო გადასახადი ნულოვანი იქნება. ცხადია, ეს გარემოება საქართველოზე აისახება. შედეგად, ზეთზე სავარაუდოდ, 10-15%-ით ფასის კლებას ველოდებით. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, თავად ზეთის ღირებულებაც რუსეთში“, - განაცხადა ციხისთავმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, გადასახადების განულება საორიენტაციო ფასების შემცირებას უკავშირდება. ზეთის საორიენტაციო ფასებმა ტონაზე 1 244 დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვით ადრე 1 583 დოლარი იყო. ტონა შროტზე ინდიკატორულმა ფასმა ერთი თვის წინანდელი 269,3 დოლარიდან 177 დოლარამდე დაიკლო.
წყაროენი: interpressnews.ge და bpn.ge