ქობულეთში, სანაპიროს პირველ ზოლში მდებარე „ზღვის მარგალიტი“ აუქციონზე იყიდებოდა, თუმცა მისი შეძენის სურვილი არავის დაუფიქსირებია.
თამარ მეფის სანაპირო #42-ში მდებარე სასტუმროს საწყისი ღირებულება 11 500 000 ლარი იყო.
„კომერსანტი“ სასტუმროს მფლობელ კომპანია „ნ პლიუსს“ დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აუქციონის პარალელურად გამოჩნდა ინვესტორი ისრაელიდან, რომელიც „ზღვის მარგალიტის“ შეძენით არის დაინტერესებული. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.
სასტუმროს მფლობელ კომპანიაში მისი გასხვისების მიზეზად, პანდემიის პერიოდში წარმოქმნილ საბანკო დავალიანებას ასახელებენ, რადგანაც „ლოქდაუნის“ პირობებში სასტუმრო სტუმრებს ვერ იღებდა და შესაბამისად სესხის მომსახურებაც გაპრობლემდა.
სასტუმრო Pearl of sea hotel & spa („ზღვის მარგალიტი“) არის 7 სართულიანი + მინუს სართული და ტერასა. სასტუმროში არის 1 აპარტამენტი 136 კვ.მ. 16 ოროთახიანი და 27 ერთ ოთახიანი ნომერი.
სასტუმროს აქვს საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, საუნა და სპა. აღჭურვილია ძვირად ღირებული ავეჯით და ტექნიკით აქვს 125 კვტ გენერატორი და პარკინგი.
სასტუმრო Pearl of sea hotel & spa აქტიურია, რადგანაც booking.com-ზე ჯავშნებს იღებს და ოქტომბრის დასაწყისიდან სტანდარტული ნომრის ღირებულება, ორ პერსონაზე 115 ლარიდანაა.