საქართველო თხილის მწარმოებელი ქვეყნების ტოპ-ხუთეულში შედის. თხილის მეურნეობა საქართველოში მცხოვრები 100,000-ზე მეტი ოჯახისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
მიმდინარე კვირაში, ზუგდიდში ჩატარებულმა თხილის კონფერენციამ თავი მოუყარა ადგილობრივ ხელისუფლებას, ფერმერებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებული პირებს, რათა მონაწილეებს თხილის სექტორში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ემსჯელათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აქტიური მხარდამჭერია USAID-ი. ის ფერმერებს თხილის ხარისხის გაუმჯობესებაში და პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანაში ეხმარება.
„USAID ხელს გვიწყობს კულტურების ხარისხის გაუმჯობესებაში და საშუალებას გვაძლევს პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ. ხარისხის მატება ყოველთვის დადებითად აისახება შემოსავალზე“, - განაცხადა ფერმერმა ბესარიონ გაბუნიამ, სამეგრელოდან. ის ერთ-ერთია იმ 35 000 მცირე და საშუალო მეწარმედან, რომელსაც USAID უჭერს მხარს.