„დევნილებისთვის პირობა გვაქვს მიცემული და მომდევნო 3 წლის განმავლობაში, დავაკმაყოფილებთ 13 000-მდე ოჯახს, ბინით თუ სახლით“, - ეს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, 6 000 ოჯახი ჩაერთვება პროექტში „სოფლად სახლი“. რაც შეეხება დანარჩენ 7 000 ოჯახს, ისინი ბინას თანამედროვე სტანდარტების, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში მიიღებენ.
„ ამ პროექტს მომდევნო კვირიდან გამოვაცხადებთ, სამშენებლო კომპანიები უკვე შეძლებენ მასში ჩართვას და მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 7 000 დევნილ ოჯახს ახალ საცხოვრებელს გადავცემთ. ამ პროექტის ბიუჯეტი, ჯამურად, 700 მილიონი ლარია “, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.