გასული სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა - 3000 შემთხვევამდე გვაქვს საშუალოდ ყოველდღიურად. აქედან 1000-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს ახალი შტამის, „ომიკრონის“ შემთხვევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი - შემცირებულია. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არის.
„თუ შეიძლება დადებითად ჩავთვალოთ, არის ის, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი. გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილი არ გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შემცირებულია გარდაცვალებების რაოდენობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევებიც, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები რითაც, სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდით ინფიცირებულების მკურნალობას, ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა.
ასევე, დღეიდან ჯანმოს ადგილობრივი ოფისის და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ჯგუფების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე, რეანიმაციის და კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა.
მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს ვაქცინაცია, დავიცვათ რეგულაციები, დისტანცია, ვატაროთ პირბადე, მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ვთხოვო რომ ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ“, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში კოვიდინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
imedinews.ge