მოგეხსენებათ, პანდემიის პროცესში ბევრი გამოწვევა დაგროვდა როგორც სხვა კლინიკებში, ასევე, სახელმწიფო კლინიკაში, რესპუბლიკურში და საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ მენეჯმენტი განგვეახლებინა, ახალი ხედვა და ახალი სისხლი ყოფილიყო კლინიკაში, რომლებიც დარწმუნებული ვარ წარმატებულად გაუძღვებიან და დავძლევთ ყველა პრობლემას და გამოწვევას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, კლინიკების შემოწმების პროცესში პრობლემები გამოიკვეთა.
„აუდიტის შემოწმების პროცესში (ასევე ჩვენი რეგულირების სააგენტოც სწავლობდა) გამოიკვეთა პრობლემები. არის მიმდინარე პრობლემები, რომლებიც მოკლე ვადაში უნდა გამოვასწოროთ. კლინიკები მოწმდება, როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე მკურნალობის სწორად წარმართვის კუთხით, ასევე ფინანსური ხარჯები, რაც ბიუჯეტიდან იყო გაწეული, რამდენად სწორად და მიზანმიმართულად დაიხარჯა“, - აღნიშნა აზარაშვილმა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯმენტში ცვლილებები განხორციელდა. 3 მაისიდან კლინიკის დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე ლევან გოფოძე შეცვალა.