კომპანია „თელავის ღვინის მარნის “ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი ყველის წარმოების დაწყებას გეგმავს. როგორც ბიზნესმენმა „კომერსანტს“ განუცხადა ყველის წარმოების სურვილი აქამდეც ჰქონდა თუმცა, დროის დეფიციტის გამო პროექტის განხორციელება ამ დრომდე ვერ შეძლო.
„დრო და რესურსი არ გვეყო, რათა ყველის წარმოების მიმართულებით გადავრთულიყავით. წელს ვაპირებთ საწარმოს მშენებლობას. ფუნდამენტურად გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რასაც შესწავლა სჭირდება, საკითხში ღრმად გვინდა ჩავიხედოთ. კონსულტანტებისგან ინფორმაციის მიღება კარგია, მაგრამ ადამიანი თვითონაც ახლო შეხებაში უნდა იყოს იმ საქმესთან რასაც აკეთებ, რადგან დარწმუნებული იყოს თავისი საქმიანობის სისწორეში. კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და მხოლოდ სხვის აზრს არ უნდა დაეყრდნოს, ამას დრო სჭირდება რაც ყველაზე ძვირადღირებულია“,-აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.
ზურაბ რამაზაშვილი ყველის მცირე რაოდენობით დამზადებას გეგმავს, რომელსაც ,,მწვანე რანჩოს“ ბაზაზე დაიწყებს. ბიზნესმენი „კომერსანტს“ უყვება, რომ მწვანე რანჩო 2014 წელს ააშენა და მასში დაახლოებით 900 000 ლარის ინვესტიცია ჩადო.
„მწვანე რანჩო აგრძელებს მუშაობს, 65 ძროხა გვყავს, რომლებიც პოტენციურად მეწველები არიან, საუბარია დღეში 1000 ლიტრ რძეზე, რომელსაც ამ ეტაპზე „სოფლის ნობათი“ იბარებს. შემდგომში შესაძლებელია ეს რძე გადავაქციოთ საბოლოო პროდუქტად, ყველად რომელსაც მომხმარებელს მივაწვდით“, - განმარტავს ზურაბ რამაზაშვილი.
ბაჩო ადამია