ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია თვითმფრინავის ახალ მოდელზე მუშაობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ თავად დიზაინერმა განუცხადა. მისი თქმით, პერსონალური, სასეირნო, ერთადგილიანი თვითმფრინავი მსუბუქი და თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. როგორც ზვიად ციკოლია გვიყვება, საწარმოსთვის ფართი უკვე შერჩეულია და თვითმფრინავებზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
ქართველი სამრეწველო დიზაინერი გვიყვება, რომ თვითმფრინავის შეძენა ნებისმიერ ადმიანს შეეძლება. ზვიად ციკოლია აცხადებს, რომ ხარჯები ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ ფიქრობს, რომ თვითმფრინავის ღირებულება 25 000-დან 30 000 დოლარის ფარგლებში იქნება.
„თბილავიამშენმა დელტასთან ერთად ფართი გამოგვიყო, ახლა ამ ფართის მოწესრიგება მიმდინარეობს, პროცესი ამ კვირაში დასრულდება და როგორც კი დასრულდება ვიწყებთ ახალი თვითმფრინავის კეთებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროცესს წლის ბოლომდე დავასრულებთ. ეს მოდელები იქნება, ერთ ადგილიანი პირადი მოხმარების, არამარტო იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღოთ. თავისი მონაცემებიდან გამომდინარე, საკმაოდ შორ მანძილზე შეძლებს ფრენას, დაახლოებით 400 კილომეტრზე, ხოლო სიჩქარე ყველა გამოთვლით იქნება,დაახლოებით 180 კმ/სთ. ვნახოთ რეალობაში რას გვაჩვენებს, ამის მიხედვით გავუკეთებთ პოზიციონირებას.
ჩვენ ძველ მოდელზე უარი ვთქვით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი მახასიათებელი და პარამეტრი აჩვენა და დავიწყეთ სრულიად ახალი თვითმფრინავის პროექტირება, უფრო სხვა კონფიგურაციით, ფრთები განსხვავებული გვინდა, რომ ბევრად უფრო მსუბუქი იყოს და ბევრად უფრო კარგი მონაცემები ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, პირველი პროტოტიპი, რომ დამზადდება შემდეგ ალბათ 4-5 თვითმფრინავი დამზადდება. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი კარგად იქნება და არავითარი ცვლილება საჭირო არ გახდება“, - განაცხადა ზვიად ციკოლიამ.
ზვიად ციკოლია აცხადებს, რომ პარალელურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის სამინისტროსთან იმისთვის, რომ საქართველოში კანონმდებლობა შეიცვალოს, რათა გაცილებით მარტივად ხდებოდეს ამ თვითმფრინავების მართვის უფლების მოპოვება და ოფიციალური ნომრის აღება, ვიდრე დღეს არსებული კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას.
შეგახსენებთ, რომ ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტი შედის. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design და სხვა ჟურნალებში. ხოლო „Tsikolia Watches“, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.
ბაჩო ადამია