ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა, ენერგეტიკული ინდუსტრიის განვითარებისთვის, რუსეთთან 1,5 მილიარდი რუბლის (57 მლნ ლარზე მეტი) ოდენობის სესხზე აწარმოებს მოლაპარაკებას.
„ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, აფხაზეთი უახლოეს მომავალში სრულფასოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნას ვერ შეძლებს,“ - ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა გააკეთა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ანქვაბმა თქვა, რომ 2022 წელს აფხაზეთმა ენერგეტიკაში 566,4 მლნ რუბლის (21 მლნ ლარზე მეტი) ინვესტიცია განახორციელა. 2023 წელს ენერგომომარაგებისთვის მხოლოდ 200 მლნ რუბლი (7,7 მლნ ლარი) იყო გათვალისწინებული, რაც, მისი აზრით, საკმარისი არ არის.
ე.წ. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ აფხაზეთის ენერგეტიკულ ინდუსტრიას გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების აღდგენა, ელექტროენერგიის მოხმარების მკაცრი აღრიცხვა და გადასახადების აკრეფის უზრუნველყოფა სჭირდება.