ახლა ფეხების ბაკუნის დრო არ არის, შევხედოთ ელჩი როგორი გულისტკივილით საუბრობს საქართველოს პრობლემებზე და იმაზე, რაც ელის კორონავირუსის და უმუშევრობის გამო, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატების ელჩი გაცილებით მეტად დარდობს ამ ქვეყანაზე, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსების 99%, რომლებიც ამბობენ რომ მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები გვინდა და მორჩაო.
„ვიღაცებს თავში მარტო ის უტრიალებთ, რომ იქნებ გაზაფხულზე მღელვარება იყოს და ისეთ უბედურ დღეში ჩავარდეს ეს ქვეყანა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს და ეს ტალღა სათავისოდ გამოიყენონ. ასევე, ვიღაცას კიდევ იდეები აქვს, რომ აქ დაბრუნდეს და ხალხი ძვლებში ამტვრიოს. საჭიროა ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ ქვეყანას, სადაც მივედით ამ მოლაპარაკების შედეგად, იმას ხელი მოვაწეროთ. რისთვის ვატარებდით წინასაარჩევნო კამპანიას, თუკი პარლამენტში არ შევდივართ“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საჭიროა, ყველა ქართველი დეპუტატი პარლამენტში იყოს, რათა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებები და იბრძოლონ იმ ცვლილებებისთვის, რომელთა ნახვაც სურთ პარლამენტში.
imedinews.ge