საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული დოკუმენტი საქართველო-ავსტრიის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში.
ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ალმა ზადიჩი საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად გაფორმებულ მემორანდუმს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ალმა ზადიჩ წერს, რომ მემორანდუმის ერთ-ერთი მიზანი მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირის სტანდარტების იმპლემენტაცია და სამართლის უზენაესობის გაძლიერებაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.
ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება მოიცავს — გამოცდილების გაზიარებას მობილური და ელექტრონული სახელმწიფო სერვისების, მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტის, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების მართვის მიმართულებით.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და სამოქალაქო, კომერციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში თანამშრომლობას.