თსუ-ის რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ გასაგები იქნებოდა ამგვარ კანონს ქვეყანა ჩრდილოელი მტრის წინააღმდეგ რომ იღებდეს.
„მკითხეს და ღიად გპასუხობთ…
დიახ, ამერიკას აქვს იმგვარი კანონი, რომელიც ქვეყანას მტრისგან, კერძოდ, ნაცისტური (რაც აქტუალური აღარაა) და კომუნისტური იდეოლოგიების („სამართალმემკვიდრე“: რუსეთი და ჩინეთი) გავლენებისგან იცავს.
დიახ, აშშ-ს ასევე აქვს ე.წ. პატრიოტის აქტი, რაც ქვეყანას ტერორიზმის საფრთხისგან იცავს და ამით მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ამ ტიპის კანონს რომ ჩრდილოელი მეზობელი მტრის, რომელსაც ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, ან მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ ვიღებდეთ, ჩემთვის გასაგები იქნებოდა…“ – წერს ოკრიბელაშვილი.
რუსულ კანონპროექტებს ე.წ. აგენტების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე 9 მარტსაა დაგეგმილი.