„ეპიდსიტუაციაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და ის, რომ ამ სიტუაციაში არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, ეს ცალსახაა. თუ არჩევნები არ გადაიდება, ის ჩატარდება უსამართლო პირობებში,“ - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ.
ხელისუფლების განცხადა, რომ კოვიდპანდემიის პირობებში ოპოზიციის მიერ გამართული აქციები მოსახლეობის მიმართ გამოვლენილი უპასუხისმგებლობაა, ანა დოლიძის შეფასებით, არის „ქართული ოცნების“ მორიგი მცდელობა საკუთარი უნიათობა გადააბრალოს პოლიტიკურ სპექტრს, რომ არჩევნები მისთვის სასურველ უსამართლო გარემოში ჩაატაროს.
„შეხედეთ გია ვოლსკის კამპანიის პირველ სამ თვეს, კაცი ქუჩაში არ გამოდიოდა, ვიდრე არ დაინახა, რომ დიდუბე-ჩუღურეთში ეზო არ დარჩა, სადაც კამპანია არ ჩავატარე. ჩვენ დაავადების რისკის ფასად, ჩვენი გუნდით უნდა ვიაროთ ქუჩაში, „ქართული ოცნება“ კი არჩევნების დღეს დააორგანიზებს თავის ხალხს სამარშრუტო ტაქსებით, მილიონ ხრიკს აამოქმედებს და ასე გეგმავს გამარჯვებას. მერე გვეტყვიან დაიცავით დისტანციაო და არჩევნებზე დაკვირვების უფლებასაც შეგვიზღუდავენ. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაზაფხულზე გაატარა არაკონსტიტუციური ზომები და ისეთი შეზღუდვები დააწესა, რომელსაც შედეგები არ მოჰყოლია. ჩვენ რომ დავრჩენილიყავით კონსტიტუციურ ჩარჩოებში, დღეს იქნებოდა საგანგებო მდგომარეობა და არჩევნების ჩატარება არ იქნებოდა შესაძლებელი. გეტყვით რა მოხდება არჩევნების შემდეგ. ჩვენი ხმების დასაცავად, რომ მოგვინდება ქუჩაში გამოსვლა, იტყვიან, კორონა ვრცელდებაო. შემოიღებენ საგანგებო მდგომარეობას, სახლში რომ ვისხდეთ და გადავყლაპოთ ის შეურაცხყოფა, რომელსაც გვიპირებენ. ამიტომ ნება იბოძონ, შექმნან სამართლიანი საარჩევნო გარემო და ისე ჩაატარონ არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არჩევნები არ გადაიდება ახლა, ის ჩატარდება უსამართლო პირობებში,“ - აცხადებს ანა დოლიძე.
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სტოკჰოლმის სინდრომი სჭირს.
„ქართულ ოცნებას“ აქვს სტოკჰოლმის სინდრომი - მას თან სძულს და თან უყვარს ნაციონალური მოძრაობა. მმართველი გუნდის ლიდერებმა ნაცვლად იმისა, რომ ილაპარაკონ წამლების გაზრდილ ფასებზე, ნარკომანიაზე, რომელსაც მიაქვს ახალგაზრდობა, სამუშაო ადგილებზე და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე, მუდმივად ნაცმოძრაობაზე საუბრობს. ხალხს ეგზისტენციალური პრობლემები აქვთ, არ იციან რა მოუხერხონ შვილებს, რომლებიც ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, არ იციან როგორ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები ან როგორ იშოვონ ლუკმაპური და ესენი ცდილობენ ყველაფერი ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას გადააბრალონ. ასეთი საუბრებით „ქართული ოცნება“ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ისტორიას ჩაბარდება,“ - ამბობს ანა დოლიძე.