ხელისუფლებას ისტერიკაში აგდებს იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლება ერთ მუნიციპალიტეტში მაინც არ ჰყავდეს სრული კონტროლის ქვეშ საკრებულო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს, რომ მთელ რიგ მუნიციპალიტეტში ოპოზიცია მნიშვნელოვანი პროპორციით არის წარმოდგენილი და საკრებულოებს ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს.
„ხელისუფლებამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, როგორიც უკვე ვნახეთ, როცა ცდილობს, რომ ძველმა საკრებულოებმა დაამტკიცოს ბიუჯეტი მანამ, ვიდრე ახალი შეიკრიბება. ხელისუფლებას, იმიტომ რომ სრულიად არადემოკრატიულია მისი წყობა, ისტერიკაში აგდებს იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლება ერთ მუნიციპალიტეტში მაინც არ ჰყავდეს სრული კონტროლის ქვეშ საკრებულო. როცა ასეთი ხელისუფლება გყავს, რომელიც ისტერიკაში ვარდება იმის გაფიქრებით, რომ ერთ მუნიციპალიტეტშიც კი არ ჰქონდეს სრული კონტროლი, ასეთ ვითარებაში ძალიან რთული იქნება საკრებულოებს ჰქონდეთ ნორმალური მუშაობის პირობები. მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალური მუშაობის პირობები და ამისთვის მთავარია ხელისუფლების მოქმედებები“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ipn.ge