"შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელებზე ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცით დაისჯებიან" - ამის შესახებ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, 7-8 მარტის აქციები "არაერთხელ გაცდა" შეკრებისა და მანიფესტაციების კანონს და "გადაიზარდა ძალადობაში".
"ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და ძალადობა, ორი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 58 თანამშრომელი, მათ შორის ხუთი ამ დრომდე რჩება კლინიკებში.
ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო, ასევე, ყველა მედიის ეთერში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ბლაგვ საგანს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარიხის დაზიანება" - განაცხადა კუპატაძემ.