ირაკლი კობახიძემ 7 მარტს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ დაპირებისამებრ უკვე გაგზავნა კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად. მისი განხილვა რამდენიმე თვეში, დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები ნაციონალური მოძრაობის დავალებით ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე და მნიშვნელოვანია ყველა, ვინც გუშინ ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი.
„კანონპროექტი არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას, კანონპროექტი აზუსტებს იმას, ვისი კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მიზნებისა და ამოცანების რეალიზებას ემსახურებიან კონკრეტული ორგანიზაციები - ქართველი ხალხის თუ უცხოური ძალის“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძე ჟოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას. კობახიძის თქმით, ამ კანონის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან არის სპეკულაცია.
„ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისთვის. ამ კანონის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან არის სპეკულაცია, ჩვენ მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატეთ ევროპული ინსტიტუტების მიმართ და გავაგზავნეთ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში“, - განაცხადა კობახიძემ
„თუ ჩვენ სახელმწიფოს არ დავიცავთ ჯაშუშების გეგმებისგან, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, არამედ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ. ყველას უნდა გვახსოვდეს ცალ ფეხზე სიარულით ევროკავშირში ვერასოდეს შევალთ“ — აცხადებ კობახიძე.