დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ქართული წესებით ითამაშებს. აღნიშნული განცხადებით თბილისის მერი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს, მათი წესებით უნდა იმუშაოს.
„ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღები არ არის იმიტომ, რომ ომში არ ჩაერთო.
„მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი მიხეილ სააკაშვილის „შემოტანით“ საქართველოში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გადატრიალება. ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მისაღები იმიტომ, რომ არ ერთვება ომში, აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ინტერესებს ეხება“, – განაცხადაკახა კალაძემ.