პლასტიკური ქირურგი, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის დამფუძნებელი, კლინიკა " ესთელაინის" ხელმძღვანელი და წამყვანი ქირურგი, პროფესორი, ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) წევრი,
გია გვარამია კოლეგებს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ფეისბუქზე:
"ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება გუშინდლიდან, თუ როგორ მძიმდება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დამაბნეველია, რომ ოფიციოზი სხვა ინტერპრეტაციას აკეთებს, მაგრამ შიმშილობის ასეთი ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ცხადია, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო უნდა იყოს.
ვეთანხმები მოწოდებას, რომ დუმილი ამ დროს შეუძლებელია, არ შეიძლება სიკვდილის ქრონიკის თანამონაწილეები გავხდეთ, ვინც არ უნდა იყოს პაციენტი. სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერ ადამიანს აღმოუჩინოს სათანადო დახმარება და უზრუნველყოს მისი სიცოცხლის ღირსეული შენარჩუნება. აღარ არის ნიშნისმოგების დრო, ახლა მთავარია გადავარჩინოთ სიცოცხლე, ადამიანურად მოვეპყროთ პაციენტს და კიდევ ერთი მძიმე ლაქა არ დავტოვოთ ქვეყნის ისტორიაში.
მივმართავ ყველა იმ ექიმს, ვისაც შეიძლება ქონდეს კონტაქტი მოშიმშილე პრეზიდენტთან, გაგვაგებინეთ რა ხდება, ვის დავუჯეროთ და რისი მოლოდინი გვქონდეს. ნუ მიიღებთ ადამიანის და ქვეყნის ტრაგედიაში მონაწილეობას," —
მიხეილ სააკაშვილი უკვე 45 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ უკიდურესად დამძიმდა.