"30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება, შემდეგ თავიდან ბოლომდე უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი - დღის წესრიგიდან ეს საკითხი 30 ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ უნდა მოიხსნას,"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განცხადებით, საქართველოში პატიმრის უფლებები დაცულია და სააკაშვილის როგორც პატიმრის უფლებები იქნება დაცული, მაგრამ ეს უფლებები იქნება დაცული იმ სტანდარტების შესაბამისად, როგორც ვრცელდება პატიმარზე.
"ყველა დაიღალა ამ სპეკულაციებით, ეს სპეკულაციები შემდეგი დღეების განმავლობაში მოიმატებს, რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს. გვაქვს პარტიის ოფისიდან გამოტანილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი გეგმა არის რაღაც სიმულაცია, შეუძლოდ არის და ა.შ. არჩევნებამდე ამ კლოუნადის მომსწრენი ვიქნებით. საბოლოო ჯამში ყველა დაიღალა ამით.
30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური დასრულდება, შემდეგ თავიდან ბოლომდე უნდა გადავერთოთ სხვა რეჟიმზე. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და თან პატიმარი, რომელსაც სხვებზე მეტად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე ის იქნება იმ რეჟიმში როგორ რეჟიმშიც არიან სხვა პატიმრები და ამას ყველა უნდა მიეჩვიოს და დღის წესრიგიდან ეს საკითხის 30 ოქტომბრის შემდეგ საბოლოოდ უნდა მოიხსნას.
ამასთან, რაც შეეხება კონსილიუმის შეჯერებულ პოზიციას, როგორც იყო ეს ტყუილის სახით წარმოდგენილი კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, ეს ასე არ ყოფილა, ეს არ ყოფილი კონსილიუმის შეჯერებული პოზიცია. რაც შეეხება სააკაშვილის წარმომადგენლებს, მათ აქვთ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, ისინი შეიძლება აყენებდნენ ამ საკითხს, მაგრამ კონსილიუმს ასეთი შეჯერებული პოზიცია არ ჰქონია, შესაბამისად იტყუება არა რატი ბრეგვაძე, არამედ სამი კონკრეტული ტელევიზია",- განაცხადა კობახიძემ და გაიხსენა, რომ სწორედ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი. მისი თქმით, სწორედ სააკაშვილმა ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. როგორც კობახიძე ამბობს ეს იმ დანაშაულების მცირე ჩამონათვალია, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჩაიდინა.
„პასუხი არის ძალიან მარტივი - დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტი არ უნდა იყოს ისეთი დაკვეთების გამცემი, როგორიც არის მაგალითად პატიმრების წამება, არაპატიმრების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი და ა. შ.. არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების ძალიან მცირე ჩამონათვალი. ამას არავითარი ექსპერტიზა არ სჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ ჰოსპიტალიზაციის საკითხი უსწრაფესად გადაწყდეს და გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო, რადგან, მათივე შეფასებით, ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს კონსილიუმის მოთხოვნილ სტანდარტებს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თქმით, ყველაზე მაღალი რისკი, რომელიც სააკაშვილს ემუქრება, გულის გაჩერებაა, შესაბამისად ციხის საავადმყოფოში კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე უნდა არსებობდეს. ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. მისი ვერსიით, იგეგმება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. გვარამია ამტკიცებს, რომ ციხეში უკვე შეყვანილია რამდენიმე სპეცდანიშნულების პატიმარი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციაზე იზრუნებს, თუმცა ეს დაბრალდება აღშფოთებულ ციხის პუბლიკას. პრემიერმა ღარიბაშვილმა გვარამიას ამ ეჭვს ბოდვა უწოდა და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია აბსურდულია. რაც შეეხება სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული. პრემიერი ამბობს, რომ ყველა პატიმარი, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით შიმშილობს, საჭიროების შემთხვევაში, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში, სადაც ყველა საჭირო პირობაა შექმნილი და ეს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით არ გადაიხედება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. მას საპატიმროში ხშირად სტუმრობს პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. მისი თქმით, სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ დღითი დღე უფრო და უფრო უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარი არასდროს იქნება. კითხვას, რამდენად განიხილება ოცნებაში სააკაშვილის გათავისუფლება, ღარიბაშვილი თავდაჯერებული პასუხობს: „გამორიცხულია! სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში!“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. ის ციხიდან წერილებს რეგულარულად ავრცელებს. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე. მესამე პრეზიდენტს ბრალად ედება 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, „ტელეიმედში” შეჭრის სანქცირება და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლება. ქართული მართლმსაჯულება მას ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თითქმის 9 მილიონი ლარის გაფლანგვაშიც ადანაშაულებს.