ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შედგა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კენჭისყრაში 1 025 406 -მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც იაქტიურა და არჩევნების მეორე ტურზე მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა. პანდემიის პირობებში, კენჭისყრაში 1 025 406 -მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მადლობას ვუხდი თითოეულ საარჩევო ადმინისტრატორს, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმება და 24- საათიან რეჟიმში მუშაობდნენ და აგრძელებდნენ საქმიანობას, იმისთვის, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესები წარიმართოს თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. საარჩევნო პროცესი საკმაოდ კონკურენტული იყო, მიუხედავად ამისა, იყო ხარვეზებიც, თუმცა, საერთო ჯამში არამხოლოდ ჩვენი შეფასებით, საუბნო - საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მცირე ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი რამდენიმე უბანზე კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია.
არჩევნების მეორე ტური შედგა და მინდა მადლობა გადავუდახო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს - სადამკვირებლო ორგანიზაციებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც აქტიურად აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღეს,“- ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 5 დიდ თვითმმარტველ ქალაქში, - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში, - „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. წინასწარი მონაცემებით, ქალაქის მმართველის მანდატი ჩაიბარეს თბილისში კახი კალაძემ, ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილმა, ბათუმში არჩილ ჩიქოვანმა, ფოთში კი ბექა ვაჭარაძემ, რუსთავში კი ნინო ლაცაბიძემ ჩაიბარეს.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოების არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ 14 მაჟორიტარი კანდიდატი დამარცხდა. საკრებულოების მაჟორიტარ წევრთა არჩევის მეორე ტური 24 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა, რომელთა ფარგლებში ჯამში 42 მაჟორიტარის არჩევა მოხდა.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდა.