დღეს არის დღე, როდესაც ჩვენ ისტორიასთან ერთად ვფიქრობთ მომავალზე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გზა გასავლელი ევროპაში ინტეგრაციისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო წარმატებით შეძლებს ამ გზის გავლას და გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე და ხელისუფლება გაერთიანდეს იმ მნიშვნელოვანი მიზნების გარშემო, რომელიც 1918 წლის 26 მაისს ჩვენი წინაპრების ოცნება იყო.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს საზღვარგარეთ. ძალიან ამაღელვებელია როდესაც წარმოვიდგენთ, რომ 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა კრებამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი უახლოესი ისტორიის და ჩვენს თაობასაც აკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა.
სიმბოლურია, რომ გადმოვასვენეთ საქართველოში გენერალ კვინიტაძის ნეშთი, რომელიც გამორჩეული მხედართმთავარი და პატრიოტი გახლდათ. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება და ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები იღწოდნენ იმისათვის, რათა ეს შესაძლებელი ყოფილიყო. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ეს სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა.
დღეს არის დღე, როდესაც ჩვენ ისტორიასთან ერთად ვფიქრობთ მომავალზე, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გზა გასავლელი ევროპაში ინტეგრაციისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო წარმატებით შეძლებს ამ გზის გავლას და გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. დღეს მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე და ხელისუფლება გაერთიანდეს იმ მნიშვნელოვანი მიზნების გარშემო, რომელიც გახლდათ ჩვენი წინაპრების ოცნება 1918 წლის 26 მაისს”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
IPN.GE