სიღარიბის დაძლევა, კეთილდღეობის ამაღლება, საიმედო საინვესტიციო პრაქტიკის შექმნა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება – ასეთი კეთილშობილური მიზნები აქვს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს, რომელსაც “ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მეუღლე ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს.
ifact.ge-ის სტატიაში საუბარია იმის შესახებ, თუ რა ფუნქცია დაეკისრა ამ სსიპ-ს დაარსებისას და რა შედეგი აქვთ ახლა, ოთხი წლის თავზე. და საერთოდ გვჭირდება თუ არა ეს დაწესებულება, რომელზეც უკვე 900 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
„სააგენტოს მიზანია წარმატებული და ქვეყნისთვის სასიკეთო ინვესტიციების მოზიდვა. თუმცა, 2021 წლის მაისში მისი თავმჯდომარე ამბობდა:
“ჯერჯერობით, რაც სააგენტო არსებობს, ანუ 2019 წლიდან, კონკრეტული საინვესტიციო პროექტი, რომელიც უკვე დაიწყო და ჩაეშვა, არ გვაქვს.”
ასე უხეიროდ მომუშავე უწყება 2022 წელს ბიუჯეტიდან 269 ათასი ლარით დავაფინანსეთ. აქედან მხოლოდ სააგენტოს თავმჯდომარის, უფროსი ანალიტიკოსის და ადმინისტრაციული მენეჯერის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 182 ათასი ლარი.
სააგენტოს წლიურ ანგარიშებში ვკითხულოთ, რომ გამართეს ასეულობით საკოორდინაციო შეხვედრა პოტენციურ ინვესტორებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან; მონაწილეობა მიიღეს კონფერენციებში, შექმნეს საჯარო დოკუმენტები; 2022 წელს განიხილეს 1580 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები. თუმცა, რა შედეგი გამოიღო ამან, ბუნდოვანია.
თავმჯდომარე თავისი პირით ამბობს, რომ მათ განხილულ პროექტებს მზის შუქი არ უნახავს. სტატიის მომზადებისას, ნატალია მოწონელიძეს ვკითხეთ, რა შეიცვალა სამ წელში, აქვთ თუ არა თუნდაც ერთი წარმატებული პროექტი.
მისი თქმით, 2019 წლიდან დღემდე დაამუშავეს 67 წინადადება. მათგან 36 გადავიდა მეორე ეტაპზე, როცა უნდა გააანალიზონ საჭირო კვლევები. თუმცა, მოწონელიძეს არაფერი უთქვამს უკვე განხორციელებულ პროექტებზე.
ვერც იმას ვიგებთ, რა რეკომენდაციები მოამზადეს მთავრობისთვის. როგორც ჩანს, , ეს ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის საჯარო არაა. სააგენტო საზოგადოებასთან ურთიერთობითაც არ გამოირჩევა.
თვალსაჩინოა, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მწირი ფუნქციები აქვს და იმასაც, ხეირიანად ვერ ასრულებს. ამ ფონზე კი ბიუჯეტიდან ასიათასობით ლარს ვახარჯავთ.
ლოგიკურია, გაჩნდეს ეჭვი, ამ სსიპ-ს მხოლოდ იმიტომ ხომ არ ვინარჩუნებთ, რომ მისი თავმჯდომარე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მეუღლეა.
ნატალია მოწონელიძისგან გვაინტერესებდა, თვითონ რას ფიქრობდა ასეთ ეჭვებზე. პასუხი წერილობით გამოგვიგზავნა და მოკლედ გვიპასუხა – ეს კითხვა “საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს” საქმიანობასთან დაკავშირებული არ არისო,“- ნათქვამია ifact.ge-ის სტატიაში.