პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების კანონის გაწვევას ეხმაურება. მისი თქმით, აუცილებელია, რომ პოლიტიკური განცხადება სისრულეში იურიდიულადაც გაფორმდეს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის გაწვევა პირველ მოსმენამდე ხდება. პარლამენტმა უნდა გააუქმოს დადგენილება ერთი მოსმენით მიღებული ე.წ. აგენტების კანონის შესახებ, გაგზავნოს წერილი ვენეციის კომისიაში და გამოიწვიონ ის კანონპროექტი, რომელიც გაგზავნილი აქვთ.
„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის გაწვევა ხდება პირველ მოსმენამდე. რადგან კანონპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით, პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება ამ აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების შესახებ დადგენილების გაუქმების შესახებ. ასევე უნდა გაიგზავნოს წერილი ვენეციის კომისიაში და გამოიწვიონ ის კანონპროექტი, რომელიც გაგზავნილი აქვთ. ამ შემთხვევაში ის გადაწყვეტილება, რომელიც ხალხის მოთხოვნით მიიღო ქართულმა ოცნებამ, დაკმაყოფილდება იურიდიულად“, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
მისი თქმით, ქართული საზოგადოების ერთიანობამ აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას „რუსული კანონებით“ ქვეყნის მართვა არ გამოუვა. ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ვიყოთ ფხიზლად, რომ მმართველმა პარტიამ დაპირება უკან არ წაიღოს, როგორც ეს მრავალჯერ გაუკეთებია.
„ჩვენ არ გვინდა მივიღოთ ის ვითარება, როცა ქართულმა ოცნებამ არაერთხელ გასცა დაპირება და მერე უკან წიაღო. მნიშვნელოვანია ვიყოთ ფხიზლად. პირველი მოსმენით მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის დადგენილების სახით უნდა გაუქმდეს და ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური განცხადება სისრულეში იურიდიულადაც გაფორმდება. სანამ იურიდიულად გაფორმდება, მანამდე საზოგადოებას უნდა მივულოცოთ ის გამარჯვება, რასაც ხალხმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიაღწია“, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.