ყარაბაღის 10 ნოემბრის 9-პუნქტიანი შეთანხმებით რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ გადათამაშება იწყება. ხელშეკრულება, რომელიც მოსკოვმა, ერევანმა და ბაქომ გააფორმეს, ითვალისწინებს, რომ „ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი გაიხსნება“:
სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის; სატრანსპორტო კონტროლი განხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ; შეთანხმების მიხედვით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა დაიწყება, რომლებიც დააკავშირებენ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან;
რამდენად აისახება ახალი სავაჭრო და გეოპოლიტიკური რეალობის შექმნის პერსპექტივა და გადალაგება საქართველოს სავაჭრო პოტენციალზე, ამასთან დაკავშირებით ექსპერტების უმეტესობა, მიიჩნევს, რომ საქართველოზე გამავალ კორიდორს, კორიდორების კონკურენციაში დიდი უპირატესობა აქვს, თუმცა პასიურობით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების გარეშე ეს უპირატესობები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ექსპერტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის ფონზე საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს წინასწარ დაუგეგმავი ვიზიტი საქართველოში, პირდაპირ ბმაშია სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის გავლენების ზრდასთან და ამ ვიზიტით საქართველოს მხარემ უნდა დაანახოს სტრატეგიულ პარტნიორს დასავლური მისწრაფებები და ქართული დემოკრატიული პროცესების შესაბამისობა ამ მისწრაფებებთან.
„ვფიქრობ, პომპეოს ვიზიტის მთავარი მიზანიც სწორედ ეს მოვლენებია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველო ერთადერთ პოტენციურ დასაყდენად გვევლინება. ძალიან მნიშვნელოვანია რა გზავნილებით ჩამოვა მაიკ პომპეო საქართველოში და როგორ ხედავს აშშ-ი საქართველოს როლს რეგიონში. ბევრი თემა შეიძლება იყოს განხილვის საგანი, თუნდაც ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, მაგრამ საქართველომ უნდა აჩვენოს მისი გამორჩეულობა დემოკრატიულობის კუთხით. ამიტომ, ბევრი რამაა დამოკიდებული დასავლეთზე. ცუდია, რომ არ გვაქვს სტრატეგია, გვაქვს მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რაც სამწუხაროდ რუსეთს უიოლებს საქმეს თავისი ღია მიზნების მიღწევაში.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკი კვლავ არსებობს - რუსი სამშვიდობოები რომ სამშვიდობოები არ არიან, ეს ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით. მაგრამ რუსეთი მოგებულია და აჩვენა რეგიონის მოთამაშეებს, ვინ არის აქ „უფროსი“.
საქართველოსთვის საკმაოდ რთულია ეს ვითარება, აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიორია, რომელთანაც ენერგეტიკული თუ სხვა ერთობლივი პროექტები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტრანზიტის კუთხით საქართველოს გვერდის ავლით მარშუტების შესაძლებლობა გაჩნდა, საქართველოოზე ყველაზე მოკლე გზა გადის. კორიდორის შექმნას ინფრასტრუქტურულად გამართვა სჭირდება და რისკები არსებობს. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სწორად შეაფასოს რისკები. ჩვენ გვჭირდება სტრატეგული პარტნიორი და მკვეთრი პოზიციები მათთან მიმართებაში.“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ სამმხრივი შეთანხმების აშკარა და მკაფიო გამარჯვებულად აზერბაიჯანი გვევლინება, რომელმაც წლების წინ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა, თუმცა ახალი გადათამაშებით ნომერ პირველი გავლენის მქონე რუსეთია, ხოლო ნომერ მეორე - თურქეთი, რომელმაც კონფლიქტში აზერბაიჯანის უდრეკი პარტნიორობით მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. რაც შეეხება დასავლეთს, მან ამ პროცესებში დამკვირვებლის პოზიცია დაიკავა და მისი როლი არათუ სუსტი იყო, არამედ, საერთოდ არ ჩანდა.
„ყარაბაღის შეთანხმებას ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული. ორ მხარეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც სომხეთი კარგავს ტერიტორიებზე კონტროლს- დამარცხებულია სომხეთის მხარე. ეს არის სრულიად ახალი რეალობა, რაც უკავშირდება პუტინის შურისძიებას სომხეთზე, ამ უკანასკნელის დემოკრატიული კურსისკენ გადახრის გამო. ეს რეალობა ნიშნავს რუსეთის გაძლიერებას რეგიონში. სომხეთმა მიიღო ეკონომიკური, სამხედრო და ადამიანური ზარალი. მან იწვნია რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის მწარე შედეგი. ეს ნიშნავს, რომ სომხეთში დემოკრატიული კუთხით ჩავარდნა ხანგრძლივად იქნება.
აზერბაიჯანმა ამ პროცესში მოიპოვა უპირატესობა, სტრატეგიულმა პარტნიორმა თურქეთმა კი ამ კონფლიქტში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. რუსეთს ექნება გავლენა რეგიონზე და მის კორიდორზე, მან მიიღო გასასვლელი თურქეთზე, ეს შეთანხმება აზერბაიჯანისთვის იმ მხრივ აღმოჩნდა დადებითი, რომ ყარაბაღის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას და ეს მისი გამარჯვებაა.
თურქეთი კი რუსეთის სამშვიდობოებთან ერთად აქტიურად იქნება წარმოდგენილი რეგიონში. საბოლოო ჯამში ორივე ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაზრდილია. თურქეთმა დაიბრუნა პოზიციები, რაც დიდი ხანია არ ჰქონია, განიმტკიცა სტრატეგიული პარტნიორის იმიჯი და ბოლომდე დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს. ანუ თურქეთი გახდა მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალა რეგიონში. ანუ რუსეთი ნომერ პირველი მ0ოთამაშეა რეგიონში, ხოლო თურქეთი - ნომერ მეორე.
ამ პროცესებში კი დასავლეთი საერთოდ არ ჩანს,“ - აღნიშნავს თეონა აქუბარდია.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საბოლოოდ რუსეთის გავლენების სიმკვეთრეს რეგიონში, რადგან პროცესის სხვაგვარი განვითარების მოლოდინიც არსებობს. სავაჭრო მიმართულებით კი ნახიჩევანთან გაჭრილი გზა რეგიონში სავაჭრო კონკურენტუნარიანობას ზრდის და შეგვიძლია ეს გარემოება სწორი პოლიტიკის შემთხვევაში საქართველომ თავის ძლიერ მხარედ აქციოს.
„ამჟამად, ეს უფრო პროცესია, ვიდრე შემდგარი ფაქტი, ამიტომ რეგიონში რუსეთის გავლენებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. არის ბევრი გარემოება, რაც რუსეთის სასარგებლოდ არ მეტყველებს და ერთერთი სამხედრო ფაქტორია. გეოპოლიტიკური გადალაგება ახლა იწყება. ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა საომარი მოქმედებები რომ დაასრულეს, ეს კარგია. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროატლანტიკური კურსი უალტერნატივო და ერთადერთი სწორი გზაა ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ამას სჭირდება აშშ-ს როლის ზრდა, მეტად ყოფნა ჩვენს დღის წესრიგში, სტრატეგიული ინტერესის მეტად დაფიქსირება.
სავაჭრო მიმართულებით , ნახიჩევანთან გაჭრილი გზა გლობალური ეკონომიკისთვის შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კონკურენტუნარიანობა შეგვიძლია ჩვენს ძლიერ მხარედ ვაქციოთ. რაც უფრო კონკურენტუნარიანი იქნება ჩვენზე გამავალი გზა, უფრო სწრაფად მოგვეთხოვება ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს უფრო შესაძლებლობაა, რომ ანაკლიის პორტი კვლავ ვაქციოთ პრიორიტეტად, რკინიგზის მოდერნიზება მოვახდინოთ და გავხდეთ კონკურენტუნარიანი როგორც სატრანსპორტო ჰაბი,“- განმარტავს ბათუ ქუთელია.
ნახიჩევანი, ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში ირანსა და სომხეთს შორისაა მოქცეული. ამასთან, მთიან ყარაბაღსა და ნახიჩევანს შორის, სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიებს გარდა, მოქცეულია ის ტერიტორიებიც, რასაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევდა და რომლის ნაწილიც ამ ომის პერიოდში დაიკავა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ყარაბაღის შეთანხმების ფარგლებში ნახიჩევანის კორიდორის გაჩენით, რეგიონის ქვეყნების გარდა, სარგებელს ჩინეთიც მიიღებს.
„ჩინეთს აქვს ისტორიული აბრეშუმის გზა და სხვა პროექტები… თუმცა სატრანსპორტო კორიდორები, რაც ყარაბაღისკონფლიქტის მოგვარების შედეგად გაიხსნება, პირველ რიგში, რეგიონის ქვეყნებს მოუტანს სარგებელს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
თურქეთი გეგმავს აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას.
მარიამ მორგოშია