შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას აფართოებს. ნავთობის, თხევადი გაზისა და ნახშირის შემდეგ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით რუსეთიდან შტატებში ბრილიანტის, ალკოჰოლისა და ზღვის პროდუქტების იმპორტიც აიკრძალა. ვაშინგტონი დიდი შვიდიანის სხვა წევრებთან ერთად რუსეთს „სასურველი სავაჭრო პარტნიორის“ სტატუსსაც ჩამოართმევს. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გარიცხვა იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.
უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაწესებული უპრეცედენტო მასშტაბების სანქციების მიუხედავად, მთავარი ხელუხლებელი რჩებოდა. ნავთობზე ემბარგო არ წესდებოდა, მაშინ როცა რუსეთის ექსპორტის ნახევარი ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ გაზსა და გათხევადებულ გაზზე მოდის. პირველი ნაბიჯი სამშაბათს 8 მარტს ბაიდენმა გადადგა, მას ჯერ ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი შეუერთდა, შემდეგ კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო. რუსული ნავთობის შესყიდვაზე BP-მ და Shell-მა უარი განაცხადეს, სხვა ქვეყნები მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და ჯერჯერობით რუსეთისგან ნავთობს $25-იანი ფასდაკლებით ყიდულობენ.