ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის მონაწილეობით, ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის საკოორდინაციო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატი კომპლექსური ღონისძიებაა, რომლის ფარგლებში გვჭირდება არა მხოლოდ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული სამუშაოების, არამედ უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა. მისი თქმით, შესრულებული სამუშაო იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს. „ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება დიდი მიღწევა და აღიარება, რომელიც საქართველოს მოუტანს კიდევ უფრო მეტ ცნობადობას და მეტ ტურისტს, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბაკურიანში 16 თებერვლიდან დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისრიალონ დიდველისა და კოხტას ტრასებზე, მათთვის გაიხსნა სამი ახალი საბაგირო. ეს ინფრასტრუქტურა მომავალში კიდევ განვითარდება, რაც ბაკურიანში დასვენებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.