აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას ევროპელი მოკავშირეებისგან დამოუკიდებლად მოაწერს ხელს. აკრძალვა გათხევადებულ ბუნებრივ გაზსა და ნახშირზეც გავრცელდება. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, კორეამ, იაპონიამ, ასევე სინგაპურმა, ავსტრალიამ, ნორვეგიამ და ნეიტრალურმა შვეიცარიამ აქამდე უპრეცედენტო ზომის სანქციები დაუწესეს, თუმცა რჩებოდა მთავარი - ნავთობი და გაზი. რუსეთის ექსპორტის ნახევარი სწორედ ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ექსპორტზე მოდის.
კერძო კომპანიებმა, Shell-მა და BP-მ რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.
რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდ ნოვაკი, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში ევროპას გაზის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა.