ბოლო წლის მონაცემებით, ქვეყნიდან გავიდა დაახლოებით 100 000 ადამიანი, მაგრამ შემოვიდა დაახლოებით 75 000, – ასე უპასუხა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ რომელმაც დღეს პარლამენტში 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, დიმიტრი ხუნდაძის შეკითხვას.
დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე დაინტერესდა, ბოლო პერიოდში რამდენი მოქალაქე გადის ქვეყნიდან და რამდენი ბრუნდება უკან.
„მნიშვნელოვანია მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი. მე თან მაქვს რამდენიმე ციფრი და გეტყვით მიგრაციული სალდო როგორ იყო, მაგალითად, 2021 წელს იყო დაახლოებით მინუს 25 ათასი, 2020 წელს, ერთადერთი წელი იყო გასული წლების განმავლობაში, სადაც დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, უფრო მეტი შემოვიდა ვიდრე გავიდა, ეს დაახლოებით პლიუს 15- 16 ათასი კაცი იყო. 2019 წელს იყო მინუს 8 ათასი, 2018 წელს მინუს 11 ათასი. თუ გადავხედავთ წინა პერიოდს, აი, მაგალითად, 2010 წელს მინუს 30 ათასი იყო, 2011 წელს მინუს 35 ათასი იყო, ანუ წინა პერიოდში უფრო მეტი ადამიანი გადიოდა, ვიდრე შემოდიოდა. ეს მონაცემები რასაკვირველია, განთავსებულია საქსტატის ვებგვერდზე“, – განაცხადა თოდრაძემ.