პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სურსათისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ პროდუქციაზე დაუშვებლად მაღალი ფასნამატი აქვთ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან.
პრემიერის ბრალდებებს რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერის განცხადებები ეკონომიკურ შინაარს მოკლებულია, რადგან ისინი პოლიტიკური და პოპულისტურია. გარდა ამისა, ეკონომისტის შეფასებით, ბიზნესმენებისადმი ურთიერთობის ეს ფორმა - „დაიბარეთ ვიღაცები და მოსთხოვეთ, რომ დააკლონ ფასები“, პოტენციური ბიზნესმენებისთვის ცუდი სიგნალია.
„პრემიერის გუშინდელი განცხადებები იმპორტიორების დიდი ფასნამატის შესახებ ეკონომიკურად რთული შესაფასებელია იმიტომ, რომ ეკონომიკური შინაარსი არ აქვს, უფრო პოლიტიკური და პოპულისტური განცხადება იყო. ასე ხელოვნურად ფასების კორექტირება არ ხდება და თუ ხდება, გაცილებით ძვირის გადახდა მოგვიწევს. ბიზნესს თუ აიძულებ რაღაც პროდუქცია იმაზე ნაკლებად გაყიდოს, ვიდრე მას უღირს, გაკოტრდება. დანარჩენი ყველაფერი მანიპულაციურია.
ასეთი განცხადებები არც შინაარსითაა გამართლებული და ფორმაც საშინელია. „დაიბარეთ ვიღაცები და მოსთხოვეთ, რომ დააკლონ ფასები“ - ურთიერთობის რა ფორმაა? ეს ცუდი სიგნალია ახალი პოტენციური ბიზნესმენებისთვის, რომელთაც საქართველოში უნდათ ინვესტიცია,“ - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.
მისი თქმით, ფასების რეგულირებაში მთავარი პრობლემა კონკურენციის არარსებობაა.
„მთავარი პრობლემაა - არსებობს თუ არა კონკურენცია. თუ კონკურენცია არსებობს, ფასები აუცილებლად დარეგულირდება. არის ეჭვი, რომ საწვავის ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა და ოლიგოპოლიური კონკურენციაა. კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა და თქვა, რომ ბაზარი კონკურენტულია. თუ ასეა, მაშინ რატომ სთხოვ ფასების დაკლებას? კონკურენტულ ბაზარზე გამორიცხულია, რომ მანიპულაციური გადაცდენები არსებობდეს. ეს ეხება ფარმაცევტულ და საწვავის ბაზარს,“ - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.