უზენაესმა სასამართლომ გვითხრა, თუ ივანიშვილი მოინდომებს, ნებისმიერ წარსულ საქმეზე ნებისმიერ დროს ხელახლა მიგისჯით სასჯელს და ხელახლა გაგიშვებთ ციხეში, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ წევის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, სასამართლომ ისე შეუფარდა პატიმრობა უგულავას, საბოლოო სიტყვის უფლებაც არ მისცა.
„დღეს გიგი უგულავას უწიგნურმა და უდიპლომო შალვა თადუმაძემ მიუსაჯა, რომელმაც როგორც პროკურორმა, სარჩელი გაგზავნა უზენაეს სასამართლოში და როგორც უზენაესის თავმჯდომარე, დახვდა თავის გაგზავნილ საჩივარს. დღეს გიგი უგულავას მიუსაჯა უზენაესმა სასამართლომ, რომელსაც იმის ვაჟკაცობაც არ ეყო, რომ ბოლო სიტყვის და გამამართლებელი სიტყვის უფლება მიეცა, ისე მიუსაჯეს ადამიანს 9 წლიანი სასჯელი. უგულავას მიუსაჯეს მოსამართლეებმა, რომელთაც პროფესიული სინდისიც არ ეყოთ, ადვოკატისთვის მაინც მიეცათ მისვლის და საუბრის საშუალება; მიუსაჯა სასმართლომ, რომელმაც დაარღვია ყველანაირი პრეცედენტი საკასაციო და ვადების თვალსაზრისით. ამ სასამართლომ გვითხრა, თუ ქვეყანაში ივანიშვილი მოინდომებს, ნებისმიერ წარსულ საქმეზე, ნებისმიერ დროს, მიუხედავად იმისა, სასჯელი მოხდილი გაქვთ თუ არა, ხელახლა მიგისჯით სასჯელს და ხელახლა გაგიშვებთ ციხეში. ეს კანონის იმიტაციაც არ არის, ეს არის უკანონობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. როგორც საქართველოს პირველ არხს უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
წყარო: პირველი არხი