დღეს პარლამენტი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების ინიციირებულ კანონპროექტებს -„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განიხილავს.
კანონპროექტების წარმდგენები არიან უმრავლესობის დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.
პირველი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.
უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. ამას გარდა მოქმედებს სხვა სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია განაცხადის ფორმას არ შეავსებს, 10 000 ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაშიც - 10 000 ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 000 ლარი.
მეორე კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ითვალისწინებს უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებას, თუ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.
კანონის არ გავრცელდება დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულოების თანამშრომლებზე, უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებზე, მათზე, ვინც საქველმოქმედო, რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას ეწევა.