26-28 დეკემბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2022” გაიმართება.
კონფერენციის მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2022 წლის საქმიანობას და მიღწევებს და იმსჯელებენ 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე.
განხილული იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ქმედებები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე გაწეული ძალისხმევა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, სხვადასხვა ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის გაღრმავების და მრავალმხრივი დიპლომატიის საკითხები.
ელჩების კონფერენცია ე.წ ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ ამბასადორიალი ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად ტარდება.
საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს.