ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდილი თანხა სამედიცინო ხარჯების 70%-დან 30-33%-მდე შემცირდა. სახელმწიფოს კი აქვს ამბიციური გეგმა, უკვე 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი 10%-მდე შემცირდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი რუსთავზე“ განაცხადა.
„ჩვენი ამოცანაა, როგორც მედიკამენტებზე, ისე სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები დავიყვანოთ მინიმუმამდე და 2026 წლისთვის, ჩვენი ჯანდაცვის სტრატეგიის მიხედვით, გვაქვს ამბიციური გეგმა, ჯიბიდან გადახდები 10%-ს ჩამოსცდეს, ანუ მოქალაქეებს მინიმალური გადასახადი ექნებათ ჯიბიდან როგორც სამედიცინო სერვისზე, ისე მედიკამენტებზე,“ – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ის გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარ მოსახლეობას.