„გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თვალნათლივ წარმოაჩენს ბრიტანეთის მზარდ ჩართულობას ჩვენს რეგიონში" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე, განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზეა დაფუძნებული.
„ფასდაუდებელია გაერთიანებული სამეფოს როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის და არაღიარებისპოლიტიკის კონსოლიდაციის მიმართულებით."- აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაერთიანებული სამეფო საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერია. მან მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მხარეს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და მიესალმა გაერთიანებული სამეფოს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს როლს, რომელსაც ის რუმინეთთან ერთად ასრულებს.
ახალი რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და დაკავშირებადობის აქტუალურობაზე. ამასთან, აღინიშნა საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის მნიშვნელობა.