როგორ მუშაობს IT-სა და ტექნოლოგიების მედია dev.ge. ამის შესახებ dev.ge-ის მთავარმა რედაქტორმა თამთა ნაჭყებიამ ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემა „ნეირონში“ ისაუბრა.
თამთა ნაჭყებიას თქმით, dev.ge-ის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში ტექ-საზოგადოების ზრდას. როგორც მან აღნიშნა, ტექნოლოგიების მნიშვნელობის გააზრებისთვის საზოგადოებაში და კონკრეტულად ბიზნესთან ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.
„ძალიან ბევრია ასახსნელი და სალაპარაკო ქართულ კომპანიებთან, ამას ცოტა დრო კიდევ დასჭირდება,“ - განაცხადა თამთა ნაჭყებიამ.
როგორც ლევან ბოძაშვილმა საავტორო გადაცემაში განაცხადა მეცნიერული კვლევების თანახმად 2030 წლისთვის პროფესიების 32% ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებადია, ამიტომ მომავალი პროფესიების არჩევისას მნიშვნელოვანია IT-სა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიღება, ამ მხრივ კი dev.ge-ის ონლაინ პლატფორმის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
თამთა ნაჭყებიამ ქართული აიტი სექტორის ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაზარი გლობალური გახდა და ქართული აიტი კომპანიების გუნდები იგივე ხარისხს აწვდიან საერთაშორისო ბაზარს, რასაც ევროპული კომპანიები.
რაც შეეხება გამოწვევებს, რომელსაც მთავარი რედაქტორის თქმით dev.ge აწყდება, არის რესპონდენტებთან ურთიერთობა, თამთა ნაჭყებიას თქმით, სექტორის წარმომადგენლების ნაწილისთვის ჯერ კიდევ ბოლომდე გააზრებული არაა რამდენად მნიშვნელოვანია ამ თემებზე მედიასთან ლაპარაკი.