საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის ელჩის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო წუხილი გამოთქვა.
„არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც ამჟამად აშშ-ს ელჩის მიმართ კეთდება. მე არ მგონია, რომ ეს სწორი ფორმა იყოს. თუ რაიმე მტკიცებულებები არსებობს, საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ამის შესახებ ელჩთან ერთი-ერთზე საუბარი გაიმართოს და არა ტელევიზიითა და მედიის საშუალებით გაკეთდეს განცხადებები. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარი არხის დირექტორის საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ თქვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დეტალებით ელჩი კელი დეგნანი დაინტერესდა და ის აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნეს.