ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში ექვსი რუსი ჟურნალისტი და აქტივისტი არ შემოუშვა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ოპოზიციური მედიასაშუალება Агентство ავრცელებს.
საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს: ფემინისტური ორგანიზაცია Pussy Riot-ის წევრ ნიკა ნიკულშინას, ოპოზიციური მედიასაშუალებების - „პროექტის“ ჟურნალისტ კატია არენინას, „მედიაზონას“ სარედაქციო მენეჯერ გალა ლატიგოვსკაიას და კიდევ რუსეთის 3 მოქალაქეს.
არენინას თქმით, მას საქართველოში შესვლა 14 ნოემბერს უნდოდა, მაგრამ მესაზღვრემ ქვეყანაში შესვლაზე უარი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრა. ნიკულშინა საქართველოში 1-ელ ნოემბერს არ შემოუშვეს. მან „სააგენტოს“ განუცხადა, რომ საზღვარზე დაახლოებით ორი საათი იმყოფებოდა და შესვლაზე უარის მიზეზი ვერანაირად ვერ დაუსაბუთეს, მაშინ როცა მას საქართველოში ექვსთვიანი ბინის ქირავნობის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.